ისტორია და მემკვიდრეობა

 თბილისის უძველესი უბანი ავლაბარი  “ბარე ჰავლეს”-გალავნის  მიდამო!
მრავალი წლის წინ მას მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან, კალასთან, მეტეხის ხიდი აკავშირებდა, ხოლო მის აღმოსავლეთ კართან კახეთის გზა იწყებოდა.
ავლაბარში ცხოვრება დუღდა!
ვაჭრების დახლებთან და სახელოსნოებთან მრავალი წარმოშობის ხალხი ირეოდა, აქვე იყო ცნობილი მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი და განთქმული სომხური ეკლესიაც.  

ქალაქის სწორედ ამ უძველეს ნაწილზე გვიამბობს ცნობილი ავტორი კნუტ ჰამსუნი თავის სამოგზაურო რომან “ზღაპრულ ქვეყანაში”. ჩანაწერებში იკვეთება, რომ მწერალი თბილისის დასავლურ სულისკვეთებაზე მეტად მისმა აღმოსავლურმა კოლორიტმა მოხიბლა: “ქალაქის ერთმა უბანმა ისე მოგვხიბლა, რომ მრავალჯერ ვეწვიეთ - ეს აზიური უბანია. ტიფლისი არის სარკიანი ვიტრინები, კონკები, თეატრი-ვარიეტე, ბატონები და ქალბატონები, ევროპულად ჩაცმულ-დახურულნი, მაგრამ აზიური უბანი სხვა არის. აქაურ ქუჩებს, კაცმა რომ თქვას, ქუჩებს ვერც დაარქმევ: შესახვევი, ჩიხი, კიბე. ესაა და ეს. კიბე აქ სახლს სახლთან აკავშირებს - გვერდიდან, ზევიდან, ქვევიდან. დუქნებში სხვადასხვა ტომის ხალხი ვაჭრობს: და რა საოცარ ნივთებს ჰყიდიან! თეირანსა და კონსტანტინოპოლში ვაჭრობას სპარსელები და თურქები ეწევიან. აქ კი ყველაა, ყველა ვინც კავკასიაში ცხოვრობს: სპარსელი, ქურთი, სომეხი, არაბი, თურქმენი, პალესტინელიცა და ტიბეტელიც. აქ სიმშვიდეა, არავითარი ფუსფუსი. აღმოსავლური უშფოთველობა მომხიბვლელია.”

ავლაბარში თითქოს დღესაც იგრძნობა ის დავიწყებული, არქაული თბილისი. განსაკუთრებით გამორჩეულია უბნის სამხრეთ ნაწილი, სადაც ქაოსურ შენობებს ერთმანეთთან ვიწრო ქუჩები აკავშირებს და სადაც ძველი, ფერადაივნებიანი სახლებიდან იშლება ხედები მტკვარსა და ნარიყალაზე.

სწორედ ავლაბარში, თბილისის ისტორიულ ცენტრში, მტკვრისპირა ფერდზე მდებარეობს სასტუმრო სანდალი, რომლის სახელწოდება ერთი მშვენიერი ლეგენდითაა შთაგონებული: მრავალი საუკუნის წინ, ერთ მთვარიან ღამეს თამარ მეფემ ვერაფრით დაიძინა. მისი შფოთვის მიზეზს კი ჯარი წარმოადგენდა. მუსულმანი მეგობრების მხარდასაჭერად გაგზავნილი ქართველთა რაზმი იმ ღამეს სისხლიან ბრძოლაში იყო ჩართული. აღელვებულმა თამარმა სანდლები გაიხადა და მეტეხის ტაძრამდე მარტომ, ფეხშიშველმა იარა, სადაც გათენებამდე ილოცა. დილით მას გამარჯვების ამბავი ამცნეს.


სანდალის ესთეტიკა და კონცეფცია

ამგვარად, სანდალის ისტორია ქალაქის ლეგენდებით სავსე ნაწილს ეხმაურება. კომფორტული, მდიდრული  ოთახებიდან იშლება ჯადოსნური ხედები მდინარეზე, ნარიყალასა და ავლაბრის ქუჩებზე,თუ გნებავთ გაინებივროთ თავი და მოიწყოთ პატარა თავგადასავალი, ეწვიეთ “შუშის ლუქსს”, შეიგრძენით ქალაქის ხიბლი და დატკბით გასაოცარი ხედებით.